ახალი ამბები
აფხაზი დეპუტატების მიმართ შესაძლოა "სისხლის სამართლის საქმე" აღიძრას
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უზენაესი სასამართლოს" კოლეგიამ დააკმაყოფილა "გენერალური პროკურორის" ადგურ აგრბას განცხადება, რომელიც დეპუტატების გარი კოკაისა და ალმასხან არძინბას წინააღმდეგ შეიტანა.

"გენერალური პროკურორის" განცხადების თანახმად, სოხუმის სანაპიროზე 30 სექტემბრის ინცინდენტის მონაწილეების გარი კოკაიას და არძინბას ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც ხულიგნობას, ხელისუფლების წარმომადეგნლის შეურაცხყოფას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, წერს "ნუჟნაია გაზეტა".

ამავე ინფორმაციით, ადგურ აგრბამ მანამდე განაცხადა, რომ "უზენაესი სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ, უწყება მიმართავს აფხაზეთის პარლამენტს დეპუტატების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე თანხმობის მისაღებად".

ამ ეტაპზე, "პროკურატურამ" ჩათვალა, რომ "შინაგან საქმეთა მინისტრის" დმიტრი დბარის ქმედებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

"უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველი და მოტივი უცნობია - სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა", - წერს გამოცემა.

ინფორმაციისთვის, სოხუმში 4 ოქტომბერს ე.წ. პარლამენტის შენობასთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, "შს მინისტრის" დმიტრი დბარის გადადგომის მოთხოვნით. პარალელურად, "პარლამენტის" საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც 30 სექტემბერს მომხდარს განიხილავდნენ.

როგორც გაირკვა, აფხაზმა დეპუტატმა გარი კოკაიამ, რომელიც ერთ-ერთ რესტორანში, ომის ვეტერანებთან ერთად, მათ შორის ალმასხან არძინბასთან ერთად, დღესასწაულს - "გამარჯვების დღეს" აღნიშნავდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ ის არ დაემორჩილა ადგილზე მისული "შს მინისტრის" დმიტრი დბარის მოთხოვნას, ჩაებარებინა იარაღი, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. უწყების თანამშრომლებმა, რომლებიც დბარს ახლდნენ, სასტიკად სცემეს გარი კოკაიას და მასთან მყოფ რამდენიმე პირს, 1992-1993 წლების სამამულო ომის ვეტერანებს, ომის ინვალიდებს.

ვეტერანების ცემის ფაქტმა, მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. პირველ ოქტომბერს სოხუმში გარი კოკაიას მხარდამჭერები, ომის ვეტერანები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. მათ "შს მინისტრის" გადადგომა მოითხოვეს. პარალელურად, "პრეზიდენტის " ადმინისტრაციაში თათბირი, ხოლო პარლამენტში საგანგებო სხდომა მიმდინარეობდა, თუმცა, საკითხთან დაკავშირებით, კენჭისყრა ორშაბათამდე გადაიდო.

3 ოქტომბერს, "შს მინისტრი" დმიტრი დბარი გადადგა. თავის მხრივ, გარი კოკაიამ განაცხადა, რომ მზად არის აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, თუმცა, ამავე დროს ის გმობს სამართალდამცავი სტრუქტურების ძალადობას ვეტერანებზე.

ორშაბათს, 4 ოქტომბერს "პარლამენტის" შენობის წინ ისევ შეიკრიბნენ მომიტინგეები, რომლებიც ვეტერანთა ცემაში მონაწილე თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ.

აფხაზმა დეპუტატებმა საგანგებო სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ საკითხზე მას შემდეგ განაგრძობენ მსჯელობას, რაც ინციდენტის დეტალებს "გენერალური პროკურატურა" გამოიკვლევს. დღის ბოლოს მომიტინგეები იმ პირობით დაიშალნენ, რომ 2 კვირის შემდეგ, ისევ შეიკრიბებიან იმის გასარკვევად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს "პარლამენტი".


Print