ახალი ამბები
სოხუმში "აფხაზეთის საელჩოს" ნიკარაგუაში გახსნის შესაძლებლობა განიხილეს

ნიკარაგუაში აფხაზეთის რესპუბლიკის სრულფასოვანი "საელჩოს" გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს სოხუმში, ნიკარაგუას რესპუბლიკასთან გამართული ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში" გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებიც დასახეს, რომლებიც 2022 წელს კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში ერთობლივი პროექტების შემუშავებას ეხებოდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

2020 წლის 6 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ სირიაში "საელჩო" გახსნა. სოხუმი და დამასკო დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმებაზე შეთანხმდნენ.

რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა. საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმეს და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასეს ევროკავშირმა, ეუთომ, გაერომ, ნატომ და მსოფლიოს რამდენიმე ათეულმა სახელმწიფომ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.





 

Print