ახალი ამბები
რუსლან შამახია ყოფილ თადარიგის ოფიცრებს: გავერთიანდეთ, რომ აღვკვეთოთ უსამართლობა
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსი, რუსლან შამახიას ინფორმაციით, გამთენიისას მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მისივე თქმით, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ოჯახის კუთვნილი სანადირო თოფი წაიღეს. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, ის ძალოვანებს სახლში, რომ დახვედროდა იარაღს „ჩაუდებდნენ“, როგორც ეს ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის შემთხვევაში მოხდა. 

"ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას, რაც გამთენიისას გაუკეთა სისტემამ ეს შეიძლება მოხდეს საქართველოს ნებისმიერი კუთხეში,  ნებისმიერ ქალაქში ყოფილ თადარიგის ოფიცრებზე.  ამიტომ მე მივმართავ თადარიგის ოფიცრებს, რომ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ უსამართლობა აღვკვეთოთ ყველგან.

მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისიდან ჯგუფი, რომ დაიძრა უკანონო სპეცოპერაციის ჩასატარებლად, ბევრმა ღირსეულმა პოლიციელმა უარი თქვა ამაში მონაწილეობა მიეღო. ჩემ შემთხვევაში არ გაუმართლათ, სახლში არ ვიყავი. ლექსოს მსგავსად სახლში, რომ დავხვედროდი, შესაძლებელია მეც „მქონოდა“ მათი მოტანილი ავტომატი და ხელყუმბარა. ლექსოს და ჩემს სახლში სპეცოპერაცია ერთ დროს ჩატარდა“, - ამბობს შამახია.

ინფორმაციისთვის, რუსლან შამახია სამეგრელოში აღმოჩენილი ე.წ. საიდუმლო სამალავების საქმეზე დააკავეს, თუმცა ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სხდომის დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
Print