ახალი ამბები
„კაცი, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა“ - ღარიბაშვილმა ზუგდიდელებს "კასრების" საქმე შეახსენა
სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ლიდერები პარტიის მხარდამჭერებს და წევრებს დახურულ ფორმატში ხვდებიან. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრები უკვე გამართეს ჩხოროწყუში, მარტვილსა და ზუგდიდში. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურში მათი კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ციხეში 6 წლის გატარება მოუწევს.

„ზუგდიდში არის სრული მზაობა, რომ 30 ოქტომბერს დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს ჩვენმა ღირსეულმა კანდიდატმა, იმიტომ რომ ზუგდიდელებს სხვა გზა, სხვა ალტერნატივა არა არ აქვს. ზუგდიდმა  იცის სიმართლის ფასი, ტყუილის ფასი, თეთრის და შავის გარჩევა. ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორ იქცეოდა წინა ხელისუფლება, მჩაგვრელი, მოძალადე, მკვლელები და სადისტების ხელისუფლება ამ ქალაქში. შევახსენებ ყველა ზუგდიდელს, რომ სწორედ ნაც-მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილის დროს, ამ ქალაქში დათარეშობდნენ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თქვენ კარგად გახსოვთ, მაგალითად, "კასრების" საქმე და ვინ არის ამ კასრების საქმის შემომქმედი? მათი სახელი არის კოლექტიური უბირიები, ხომ იცით ვინ არის უბირია? კაცი რომელიც აუპატიურებდა და აწამებდა უდანაშაულო ადამიანებს. ეს ძალა არის ნაცმოძრაობა და სააკაშვილის პარტია. ჩვენი ხელისუფლება არავის არ მისცემს პროვოკაციების მოწყობის უფლებას და საშუალებას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, იყო არეულობის მოწყობა.


Print