ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ანზორ მელიაზე: წარმოდგენა არა აქვს როგორ იმართება მუნიციპალიტეტი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატზე, ანზორ მელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის შეიძლება იყოს დამსახურებული ექიმი, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს თუ როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს გამოცდილი კანდიდატი, რომელიც ქალაქს არ შეარცხვენს.

„მე არ მინდა ვისაუბრო ჩვენი კანდიდატის ოპონენტზე. ანზორ მელია რა თქმა უნდა შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს და კითხვა მინდა დაუსვა თითოეულ ზუგდიდელს, აი, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს? ან როგორ უნდა მართოს ზუგდიდი, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი ან რამდენი სოფელია ამ ქალაქში, საერთოდ წარმოდგენა არა აქვს როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი, უწესიერესი კაცი, ბატონი მამუკა წოწერია, რომელიც ღირსეული ზუგდიდელია, რომელიც არ შეარცხვენს ზუგდიდელებს და ამ ქალაქს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ზუგდიდში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრი მმართველი პარტიის მხადამჭერებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„მინდა ვთხოვო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ არც ერთი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ყველანი არჩევნებზე“, - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების" ლიდერები სამეგრელოში პარტიის მხადამჭერებს და წევრებს დახურულ ფორმატში ხვდებიან.


Print