ახალი ამბები
"მაღურალიო" ამბობენ ჩემზე, დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ! - ანზორ მელია
მადლობას ვწირავ ღმერთს, იმისთვის, რომ ამ ასაკში მომცა ღმერთმა უფლება, რომ დამენახა ხალხის სიყვარული ჩემი და ჩემი შვილის მიმართ. მე ბედნიერი კაცი ვარ, დავდივარ თითქმის ყველა სოფელში, ოჯახებში შევდივარ დღეში რამდენჯერმე და ენით ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულს, სითბოს და სიყვარულს, რასაც ეს ხალხი გვაძლევს, - თქვა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანზორ მელიამ. მან სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ოპოზიციიდან წარდგენილ სხვა კანდიდატებთან ერთად ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გამართა. 

ანზორ მელიამ მთავრობის წევრებს მიმართა და ადამიანური სახის შენარჩუნება თხოვა. 

"ძალიან გთხოვთ, ნუ ილანძღებით - დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, "მაღურალიო", მერიაში ამბობენ. მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ, კიდევ დიდი ხანი გავაკეთებ სიკეთეს ჩემი ქალაქისთვის. გული მტკივა, რომ ასეთი ლამაზი ბუნების სოფლები დაცარიელებულია, ახალგაზრდები არ არიან. გარდაქმნა აუცილებელია, ასე გაგრძელება არ შეიძლება! არ შეიძლება, რომ ჩვენ, მეგრელ ხალხს ბოღმის ენით, შურის, სიძულვილის ენით გვესაუბრებოდეს მთავრობა", - აღნიშნა მან.

ანზორ მელიას თქმით, სამეგრელოში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში "ქართული ოცნების" ბოგინი უნდა დასრულდეს. ის ამბობს, რომ  ზუგდიდელები მთავრობას 30 ნოემბერს საკადრის პასუხს გასცემენ. 

"ნორმალურად მოიქეცით, მეორე ტური იქნება და ზუგდიდელები დაგანახებენ ძალას, ვის მისცემენ ხმას. გთხოვთ კაცურად მოიქეცით, ნუ ხართ დაბოღმილები, გამხეცებულები, რას კადრულობს პრემიერი, მრცხვენია, რომ ეს ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს, რას ბოდავს, რას აკეთებს ხალხო, მოგწონთ ეს ყველაფერი? გუშინ რაც იკადრეთ და დღეს, სუს-ი უარყოფს თითქოს ეს არ იყო, პროვოკაცია არისო. არა, ჩემო კარგებო, პროვოკაცია არა, ღარიბაშვილმა, რომელმაც 100 კაციც ვერ შეაგროვა, აქვე ახლოს, მწვანე შუქი აგინთოთ ძალადობისკენ. რაც არ უნდა დაუჯდეთ, უნდათ მოიგონ, მაგრამ როგორ მოიგებენ? თუ საარჩევნო ოლქში ნაღმს ჩამოაგდებენ და აგვაფეთქებენ, თორემ ამათი საქმე წასულია", - თქვა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების მტკიცებით, გუშინ ზუგდიდში სპეცოპერაცია იგეგმებოდა. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის გააქტიურება არჩევნების მეორე ტურს დაუკავშირა. მისი ინფორმაციით, სუს-ის დაახლოებით 30 წარმომადგენელი თბილისიდან მივლენილი იყო ზუგდიდში და დაკავების სპეცოპერაციის ჩასატარებლად ემზადებოდა. 

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ენმ-ის ბრალდებებს დეზინფორმაცია უწოდა. უწყების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.
Print