ახალი ამბები
დევნილების ნაწილი უკვე ზუგდიდშია - ანა წითლიძე ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე
პარლამენტის წევრი და “ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა წითლიძე ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი თქმით, დევნილებს დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა არჩევნების მეორე ტურის გამო აეკრძალათ. წითლიძე რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებებში „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

„დადასტურდა ის, რასაც ჩვენ გასულ კვირებში ვსაუბრობდით, საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებით და „ენგურჰესის“ დირექტორის, ლევან მებონიას შუამდგომლობით ჩაიკეტა ენგურის ხიდი. დევნილების ნაწილს არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოვიდნენ ზუგდიდში და 30 ოქტომბერს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს ხელისუფლება არის მტერთან მოთანამშრომლე. ამის შესახებ გვქონდა ინფორმაცია, დავიჭირეთ თადარიგი და მინდა იმედები გაუცრუო მათ, დევნილების ნაწილი უკვე გადმოსულია ზუგდიდში და მშვიდად გააკეთებენ საკუთარ არჩევანს", - ამბობს წითლიძე.

„ენგურჰესის“ ადმინისტრაციაში კატეგორიულად უარყოფენ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს და ამბობენ, რომ ანი წითლიძე დეზინფორმაციას ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი ცალმხრივად დღეს, დილით ჩაიკეტა. აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ქვეყნის დანარჩენ ნაწილში გადასვლის უფლებას არ აძლევენ.

სუს-ში ფაქტს ადასტურებენ და მიიჩნევენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიიღეს.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურშიც.
Print