ახალი ამბები
ფოთში პოლიციამ ახალგაზრდა ქალი ნაცნობის დაჭრის ბრალდებით დააკავა
ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული თ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს - 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

"დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ამბობენ შსს-ში.

ამავე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print