ახალი ამბები
ხმაური იყო ზუგდიდის მე-2 საარჩევნო უბანზე - დამკვირვებელი

ზუგდიდის მე-2 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს ნებას არ აძლევენ, სამაგიდო სიებს დააკვირდნენ.

ენმ-ის წარმომადგენლის ნანა გოგიბერიძის ინფორმაცით, მისთვის უცნობი პირი, რომელიც სავარაუდოდ, დამკვირვებელი იყო, კენჭისყრის ოთახში შევიდა და მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება.

„შემოვარდა და ღრიალებდა, გვითხრა, დაგვეტოვებინა უბანი ან არ დააკვირდეთო სამაგიდო სიებს. ჩვენ ამის უფლება გვაქვს, არანაირად ხელს არ ვუშლიდით კენჭისყრის პროცესს, მშვიდად ვაკვირდებოდით. ეს ფაქტი ორჯერ განმეორდა. დილით მსუბუქ ფორმაში, ახლა ისევ განმეორდა. ამჯერად უბანში იყო ხმაური, ის ღრიალებდა, ყვიროდა“, - ამბობს გოგიბერიძე.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირს კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრის ოთახი დაატოვებინა. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს პროცესს, თუ როგორ ამოწმებს კომისიის წევრი ამომრჩევლის იდენტობას, თუმცა კენჭისყრის პროცედურას ხელი არ უნდა შეეშალოს.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ოლქში სულ 109 უბანია გახსნილი, მათ შორის, ერთი კოვიდუბანი.


 

Print