ახალი ამბები
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა - გამოქვეყნდა ორი ტელეკომპანიის ეგზიტპოლი
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომიისიის მონაცემებით, 30 ოქტომბერს არჩევნებში 1 025 406 - მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა , რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

ტელეკომპანია "მთავარის" დაკვეთით კომპანია "ანოვას" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ამომრჩეველთა 49%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის კანდიდატს ნიკა მელიას - 51%-მა. ზუგდიდში - ენმ-ს კანდიდატს - ანზორ მელიას - 53%; "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს - მამუკა წოწერია - 47%;

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 57,2% - იანი მხარდაჭერა მიიღო. რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მას მხარი ამომრჩეველთა 42.8%-მა დაუჭირა.

კვლევა არხმა მხოლოდ ოთხ თვითმმართველ ქალაქში ჩაატარა, თუმცა მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ 20-ვე ქალაქში გაიმარჯვა.

ენმ - ის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, ამომრჩევლის იმედებს გაამართლებს და იქნება ყველას მერი, მათ შორის ოპონენტის - მამუკა წოწერიასი.


მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის.
ის აცხადებს, რომ იმარჯვებს მერის არჩევნებში.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ინფორმაციით, სწორედ მათი კანდიდატები იმარჯვებენ მაჟორიტარულ ოლქებში.

მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურისთვის 2 088 722 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. დღეს მოქალაქეები მერს ირჩევდნენ 64-დან 20 მუნიციპალიტეტში, მათგან 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში, ხოლო 24-ში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს.

ზუგდიდის საოლქო - საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ოლქში სულ 119 798 ამომრჩეველია იყო რეგისტრირებული და გახსნილი იყო 109 , მათ შორის - 1 სპეცუბანი.

Print