ახალი ამბები
3 ნოემბერს ენმ ზუგდიდში აქციას გამართავს
ამ არჩევნებმა გვიჩვენა, რომ მხოლოდ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა, ვერ იქნება საკმარისი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ზუგდიდში საპროტესტო აქცია დააანონსა და სამეგრელოს მოსახლეობას ხვალ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.  

"მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბერს, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ წაართვეს არჩევანის უფლება და მოპარეს არჩევნები, მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკანონოდ ჰყავთ დატყვევებული და მისი ჯანმრთელობა არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, არ გვაქვს უფლება დავიღალოთ, დავიხიოთ უკან, არ ვიბრძოლოთ ქუჩაში, რადგან დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლა გადის სწორედ ქუჩაზე. სწორედ ამიტომაც, თქვენ იცით რომ პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით აორგანიზებს აქციებს, დღეს აქცია იქნება ბათუმში, ხვალ მე ვაანონსებ აქციას ზუგდიდში, საღამოს 8 საათზე, ენმ-ის ოფისის წინ, მეუნარგიას #25-ში. მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს და მთელ სამეგრელოს - მე ვიცი რომ თქვენ ხართ ძალიან გაბრაზებულები, წართმეული და მოპარული არჩევნების შემდეგ. ახლა მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენთაგანმა, თითოეულმა თქვენთაგანმა, ვისი ხმას უსირცხვილოდ მოიპარეს, თავისი არჩევანი, ქვეყნის თავისუფლება და საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე მშვიდად, წყნარად, მტკიცედ, მაგრამ ჯიუტად დაიცვას ქუჩაში", - თქვა წითლიძემ.

მისი თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, მანამ სანამ ქვეყანაში არ იზეიმებს დემოკრატია და სამართლიანობა.
Print