ახალი ამბები
ასლან ბჟანიამ მომიტინგეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - სოხუმში ოპოზიცია მორიგი აქციისთვის ემზადება
სოხუმის ცენტრში ოპოზიციის მიტინგი მას შემდეგ დაიშალა, რაც მათთან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მივიდა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მან მომიტინგეებს პირობა მისცა, რომ ქალაქის სანაპიროზე 30 სექტემბერს მომხდარი ინცინდენტი სამართლებრივი გზით გადაწყდება, და ოპონენტებს მოუწოდა, დაელოდონ პროკურატაურის გამოძიებას, - წერს "აფსნიპრესი".

აფხაზი ვეტერანები და ოპოზიციის წარმომადგენლები "პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან" 4 ნოემბერს შეიკრიბნენ. ისინი, 30 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით "შს მინისტრის" დიმიტრი დბარის გადადგომას ითხოვდნენ.

მიუხედავად სოხუმის ადგილობრივი ადმინისტრაციის გაფრთხილებისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მასობრივი შეკრებები აკრძალულია, მიტინგი მაინც გაიმართა, ორგანიზატორებმა არც ასლან ბჟანიას თხოვნა გაითვალისწინეს, ექსცესების თავიდან ასაცილებლად, აქციისგან თავი შეეკავებინათ.

აქცია "აფხაზი ხალხის 1992-1993 წლების სამამულო ომის ვეტერანთა გაერთიანებული საბჭოს" ორგანიზებით გაიმართა.

პარალელურად, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" შენობასთან ასლან ბჟანიას მხარდამჭერთა მიტინგი მიმდინარეობდა.

მას შემდეგ, რაც ასლან ბჟანიამ უარი განაცხადა მათი მოთხოვნების დაკამყოფილებაზე, ვეტერანთა საბჭომ და გართიანებულმა ოპოზიციამ ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ამოწურეს ყველა შესაძლებლობა, დაეცვათ თავიანთი კანონიერი უფლებები და დაერწმუნებინათ პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაში, დიმიტრი დბარის გადადგომასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნეს, რომ იტოვებენ უფლებას გამართონ საპროტესტო აქცია და სახალხო კრებას პრეზიდენტ ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით მიმართონ.

მანამდე, ცნობილი გახდა, "პრეზიდენტმა" შს "მინისტრის" პოსტზე დააბრუნა დმიტრი დბარი, რომელიც სოხუმის სანაპიროზე 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო თანამდებობას იყო ჩამოშორებული.


Print