ახალი ამბები
ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ადილზე მოკლა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდებარე, შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების შენობაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, ამავე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) არის აღძრული, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print