ახალი ამბები
გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის, რამდენსაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვის - ღარიბაშვილი
მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო - ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანაშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან გია ხარჩილავას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახლა საქმეზე კონცენტრირებაა საჭირო.

"მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. ეს იყო ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იყო გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო. ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში. რა თქმა უნდა, მე როგორც პრემიერ-მინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისა და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის", - თქვა ღარიბაშვილმა.

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.
Print