ახალი ამბები
ღარიბაშვილი - პირველი დეკემბრიდან "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება
პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი "პისიარ"-ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

"მინდა, განმარტება გავაკეთო – იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე – ტურისტებისთვის"- აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა.

მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში.

"ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. ასევე, გეტყვით, რომ აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების რეალური გამოსავალი. აცრა გვიცავს სიკვდილისგან – ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს... ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა არ ემხრობა სავალდებულო ვაქცინაციას", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მან აღნიშნა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. ყველა ადამიანს, მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება.






Print