რეგიონი
თბილისში, სუს-თან თენგიზ ჯგუშია, თენგიზ გუნავა და კიდევ რამდენიმე ზუგდიდელი დააკავეს
თბილისში, სუს-თან დაკავებულებს შორის ზუგდიდელებიც არიან. პარლამენტის წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია. მისივე ცნობით, ისინი სხვადასხვა იზოლატორებში არიან გადანაწილებულები.

რაც შეეხება გენინსპექციის ყოფილი უფროსს თენგიზ გუნავას, ის პოლიციის განყოფილებიდან, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ვიდექით, ტროტუარზე. უცებ მოვიდნენ და დაგვაკავეს. დაკავებულების ნაწილი გაუშვეს, ნაწილი სხვადასხვა იზოლატორში გადაანაწილეს. ყველას ადგილსამყოფელს ვერ ვადგენთ. მე 4 საათის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, ეს იმას ნიშნავს, როცა გამომიძახებენ უნდა მივიდე პოლიციაში. ეს არის რუსული ხელწერა და გგონიათ ასე დაგვაშინებენ“, - ამბობს გუნავა.

თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველთა საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

Print