ახალი ამბები
მეუფე გრიგოლი სააკაშვილის ზიარებაზე - ის, რომ მეუფე ნიკოლოზმა პატიმარი აზიარა, მადლიანი საქმეა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ზიარების საკითხს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის ზიარების საკითხი მეუფე ნიკოლოზის გადასაწყვეტი იყო.

,,მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი. უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს სულიერ თემაზე ესაუბრება, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არაზიაროს. გააჩნია კონკრეტულ ვითარებას, როცა ადამიანი საგანგებო - განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ან ავად არის, ან რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება მაშინ ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს, ეს მისი გადასაწყვეტია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ის, რომ ახლა პატიმარი აზიარა ეს მადლიანი საქმეა. პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია და ერთ - ერთი დიდი სათნოებაა. პატიმრის მონახულება მაცხოვარმა დაგვავალა ჩვენ, რომ პატიმრებს ნუგეში ვცეთ, ნებისმიერ პატიმარს, ვისაც იცნობ ან არ იცნობ, ვისზეც მიგიწვდება ხელი და ვინც ითხოვს ამას”, - ამბობს მიტროპოლიტი.

ინფორმაციისთვის, 8 ნოემბერს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ მან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი აზიარა.


Print