ახალი ამბები
გაგრაში სამართალდამცველებზე თავდასხმის მცდელობის აღკვეთისას ერთი ადამიანი დაიღუპა - დე ფაქტო შსს
გაგრაში მილიციის თანამშრომლებსა და ორ შეიარაღებულ პირს შორის ორმხრივი სროლა ატყდა, რა დროსაც ერთ - ერთი მათგანი, ხელყუმბარის აფეთქების მცდელობისას, დაიღუპა. შემთხვევა 16 ნოებერს, დილის საათებში მოხდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გაგრის რაიონში სამართალდამცველებმა შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებზე მოსალოდნელი თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირები გამოავლინეს და სწორედ მათი დაკავებისას ატყდა ორმხრივი სროლა, დაბა ბზიფთას მცხოვრები, 22 წლის ამირ კეტია, ხელყუმბარის აფეთქების მცდელობისას დაიღუპა, ხოლო, მისი თანმხლები, 23 წლის ომარ ხაგუში, მხარში დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, წერს "ეხო კავკაზა". 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამოღებულია იარაღი, საბრძოლო მასალა, ასევე დახარჯული ვაზნები და გაგზავნილია ექსპერტიზაზე.
ოპერატიული - სამძებრო სამუშაოები გრძელდება,

"ნუჟნაია გაზეტას" ინფორმაციით, სოციალური ქსელის აფხაზური სეგმენტის მომხმარებლები ამ შემთხვევას სოფელ ბლაბირხუას მცხოვრები 24 წლის ანრი ათეიბას გარდაცვალებას უკავშირებენ, რომელმაც სექტემბერში გაგრის იზოლატორში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე, მას სამართალდამცველებმა სცემეს.
Print