ახალი ამბები
ნაციონალური მოძრაობა აფერხებს საკრებულოს მუშაობას და ამას აკეთებს მიზანმიმართულად - ბესიკ ჭეჟია
არაფერი განსაკუთრებული დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ხდება, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია. ის ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეთა შეყვანას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს. ჭეჟიას თქმით, ენმ-ის წევრებმა იციან, რომ აფერხებენ სამუშაო გარემოს და ხელს უშლიან საკრებულოს ფუნქციონირებას, რითაც არღვევენ კანონს. ის მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამას განგებ აკეთებს, რადგან ხმაურის ატეხვა სურს.

"მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, მომდევნო წლის ბიუჯეტი განსახილველად შეიტანოს საკრებულოში. რაც შეასრულა კიდეც მერიამ. ამის შემდეგ საკრებულოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ამ ბიუჯეტის პროექტის საჯაროობა, განიხილონ კომისიებსა ფრაქციებში და შენიშვნებით, უკან, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა მიუბრუნოს მერიას განსახილველად. ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს", - ამბობს ის.

ამასთან ჭეჟია განმარტავს, რომ ზუგდიდის მოქმედი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვებს, შესაბამისად მისთვის გაუგებარია თუ რატომ აპროტესტებს ბიუჯეტის ვადებში განხილვას ნაციონალური მოძრაობა.

"გაოცებული ვარ მათი ქმედებით, ოპოზიციის დეპუტატები თავიდან ბოლომდე, სრულფასოვნად, აქტიურად იყვნენ ჩართული კომისიურ განხილვებში", - აღნიშნა ბესიკ ჭეჟიამ.

ის ცოტა ხნის წინ საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ მოშიმშილეებთან მივიდა და მოუწოდა არ შეუშალონ ხელი ბიუჯეტის განხილვის პროცესს. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ თქვა, რომ ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კი ზუგდიდშიც, მოქმედმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო და მისი დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს. 

ამავე თემაზე: 

მოშიმშილეებმა ბესიკ ჭეჟიას უარი უთხრეს საკრებულოს სხდომათა დარბაზის დატოვებაზე

ენმ-ის წევრები შიმშილობას ზუგდიდის საკრებულოს დარბაზში გააგრძელებენ

ჩქარობს თუ არა ზუგდიდის საკრებულო და მერია ბიუჯეტის დამტკიცებას - შეფასებები და მოლოდინი

ზუგდიდის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად ემზადება - წითლიძე


Print