ახალი ამბები
TI: როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ზუგდიდის ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ზუგდიდის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვა ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა და რამდენიმე პრობლემას შეიცავს.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ გადაწყვიტა, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, დაჩქარებული წესით განიხილოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და მიიღოს იგი. ახალარჩეულ საკრებულოში პოლიტიკური ძალების ახალი შემადგენლობა და პროპორციაა. შესაბამისად, ბიუჯეტის საკითხის გარშემო შესაძლო დისკუსია იქნებოდა საშუალება ადგილზე პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობისთვის.

ძველი საკრებულოს ეს ინიციატივა ფაქტიურად პრემიერ მინისტრის იმ განცხადების გაგრძელებაა, სადაც იგი მიუთითებდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა" და მათ გარეშე ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე "ნაბიჯს ვერ გადადგამდა".

როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს, რაც საკრებულოს მსგავსი პროცესების წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.

შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებით მმართველი პარტია ცდილობს, თავი დაიზღვიოს, რადგან საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ისეთი კონფიგურაციააა, როდესაც საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ, შესაძლოა, ვერ დაამტკიცოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტი. თუ საკრებულო 2022 წლის 1 აპრილამდე ვერ მიიღებს ბიუჯეტს, მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას.

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლისა და 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხელს უშლის ახალარჩეულ საკრებულოს, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია", - აღნიშნულია TI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად დანიშნოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რათა მას მიეცეს საქმიანობის წარმართვის, მათ შორის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა თუ დამტკიცების შესაძლებლობა და ახალარჩეული საკრებულოს წევრები სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში.
Print