ახალი ამბები
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მუშაობას შეუდგა
წალენჯიხის ახლად არჩეული მერი გია ხარჩილავა მუშაობას დღეიდან შეუდგება. ის მერიაში მოადგილესთან, თამარ ბელქანიასთან ერთად მივიდა. ისინი უკვე ყოფილ მერს, ბესიკ ფარცვანიას შეხვდნენ და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.

ხარჩილავა ერთადერთი მერია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. მან მოადგილედ „ლელოს“ წევრი წარადგინა, რაც, მათივე თქმით, მმართველობის კოალიციურ მოდელს წარმოადგენს.

„შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო. ამასთან, კვირის განმავლობაში გავმართავთ პრეზენტაციებს თვითმმართველობის მუშაობის ხედვების და მიმართულებების. იქნება მუშაობა ადგილობრივებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ეს ძალიან სწრაფად მოხდება, რადგან ჩვენ ნათლად ვხედავთ მუნიციპალიტეტის განვითარებას“, - ამბობს ხარჩილავა.

რაც შეეხება რეორგანიზაციის საკითხს, ხარჩილავა დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, რათა მიიღონ უფრო ეფექტური თვითმმართველობა.


Print