ახალი ამბები
ნიკარაგუაში "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნება
ასლან ბჟანიამ ნიკარაგუაში "აფხაზეთის საელჩოს" გახსნის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი, წერს "აფსნიპრესი". "აფხაზეთის რესპუბლიკასა და ნიკარაგუის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით, ქალაქ მანაგუაში დავაარსეთ აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო ნიკარაგუის რესპუბლიკაში", - ნათქვამია ბრძანებაში.

დოკუმენტს ხელი 2021 წლის 2 ნოემბერს მოეწერა, თუმცა ამის შესახებ პრესსამსახურმა მხოლოდ დღეს გაავრცელა, წერს გამოცემა. 

მანამდე დაურ კოვემ, რომელიც 17 ნოემბრამდე "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს" ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ნიკარაგუაში საელჩოს გახსნა 2022 წელს იგეგმებოდა. 

აფხაზური დელეგაცია ნიკარაგუაში 7-8 ნოემბერს იმყოფებოდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა. დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ცნობით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის, ასევე სოხუმსა და მანაგუას შორის დაძმობილების შესახებ შეთახმებას მოაწერეს ხელი.

ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ საქართველოს ორი რეგიონის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" 2008 წლის სექტემბერში აღიარა.

Print