ახალი ამბები
სოხუმი: ელექტროენერგია დღე - ღამეში 4 - ჯერ, თითო საათით გაითიშება
სოხუმში ელექტროენერგიის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ქალაქის ელექტროქსელების სამმართველოს უფროსმა თემურ ჯინჯოლიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესება და შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაა მოსალოდნელი, რამაც შეიძლება ქსელები გადატვირთოს და მოწყობილობები მწყობრიდან გამოიყვანოს.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აფხაზეთში კრიპტოვალუტის მოპოვება დაიწყეს, ელექტროენერგიის მოხმარება 50-60% - ით გაიზარდა. გამოცემის თანახმად, ამ ეტაპზე აფხაზი ენერგეტიკოსები მაინერების მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების აღკვეთას ცდილობენ. 

"თუკი სხვა დროს, ზამთარში 180-200 ვოლტი იყო, დღესდღეობით, ის ზოგან 120 ვოლტამდეც ვერ ადის. გვესმის, რომ ასეთი ძაბვის პირობებში ტექნიკა ვერ იმუშავებს. მაგრამ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ჯერჯერობით, სხვას ვერაფერს შემოგთავაზებთ", – დასძინა მან. 

მარაოსებრი გათიშვების გრაფიკი აფხაზურმა კომპანია "ჩერნომორენერგომ" 16 ნოემბრიდან დააწესა, რაც ელექტროენერგიის მიწოდების 1 საათით შეზღუდვას გულისხმობდა, ახალი გრაფიკით, რომელიც 23 ნოემბრიდან ამოქმედდება, სოხუმის სხვადასხვა უბანზე ელექტროენერგია დღე - ღამეში 4 - ჯერ, თითო საათით გაითიშება.



Print