ახალი ამბები
ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის მისაღებად საკრებულოს სხდომა ჩაინიშნა
ხვალ, 26 ნოემბერს ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით, პირველი საკითხი 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ეხება.

პროცესს უკანონს და უსამართლოს უწოდებენ ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები ენმ-დან და ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი არა ძველმა, არამედ ახალმა  შემადგენლობამ უნდა მიიღოს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში, არაუგვიანეს 13 დეკემბრისა.

ამავე ინფორმაციით, რაც შეეხება მერის უფლებამოსილების ვადებს, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს.

ინფორმაციისთვის, ბოლო რამდენიმე წელია ზუგდიდის ბიუჯეტს დეკემბერის ბოლო რიცხვებში იღებენ.
Print