ახალი ამბები
ენმ-ის დეპუტატებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დატოვეს. ოპოზიციური პარტიის სიის პირველი ნომრის, თეიმურაზ ბასილაიას თქმით, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

"ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აზრი და პათოსი - ეს მათი არჩევანია. ეს ჩვენთვის ბუნდოვანია და ამ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება აბსურდის სცენარი იქნება ჩვენი მხრიდანაც. ის, რაც ხორციელდებოდა მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, იყო არა სააარჩევნო კამპანია, არამედ სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა ზუგდიდელი მოსახლეობისა და ამომრჩევლის მიმართ. ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ იყო დაკნინებული ადამიანის არჩევანი და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება დაგტოვოთ, იმუშავეთ ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე", - თქვა ბასილაიამ.

მანამდე, დეპუტატებს მიმართა "გახარია-საქართველოსთვის" წევრმა გიგა ფარულავამ და განაცხადა, რომ ისინი არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს არ დაუჭერენ მხარს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.

ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულო დღეს პირველად შეიკრიბა.

Print