ახალი ამბები
სროლა სოხუმში - დაკავებულია "ტურიზმის" მინისტრის მოადგილე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ტურიზმის" მინისტრის მოადგილე დათო ქაჯაია სოხუმის ახალ მიკრორაიონში 2 დეკემბერს მომხდარი სროლის შემდეგ დააკავეს. დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ადგურ აგრბას განცხადებით, ინციდენტის დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა მას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.

მანამდე, სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებზეც მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული. ჩხუბი ანჟელა ბრანძიას სახლში მოხდა, სადაც სამართალდამცავები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ, წერს "ეხო კავკაზა".

გამოცემის ცნობით, ანჟელა ბრანძიასა და კიდევ ერთი მოქალაქის - ლოლიტა ხალვაშის წინააღმდეგ საქმე აღძრულია "ხელისუფლების წარმომადგენელთა შეურაცხყოფისთვის". საუბარია სოციალურ ქსელ ფეისბუქში ანონიმი მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებზე.

ოპოზიციონერი აფხაზი პარლამენტარის ვალერი აგრბას ინფორმაციით, დეპუტატებს მოქალაქეებმა შეატყობინეს, რომ ანჟელა ბრანძიას სახლში სამართლდამცავები სასამართლოს სანქციის გარეშე მივიდნენ. მისივე თქმით, როცა მილიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებდნენ, ბრანძიას სახლში გინებით შეიჭრა რამდენიმე პირი, ერთმა კი იარაღიდან ისროლა.

ინციდენტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბა ათეულობით ადამიანი, რომლებიც დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ.

ასლან ბჟანიასთან შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის, "აიდგილარას" თავმჯდომარემ, კან კვარჩიამ შეკრებილებს აცნობა, რომ ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიმართავს და მათ დილამდე დაშლისკენ მოუწოდა.

2 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი დმიტრი დბარი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მანამდე მის გადადგომას სოხუმში, 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოითხოვდნენ ადგილობრივი ოპოზიციის და ვეტერანთა გაერთიანების წარმომადგენლები.

30 სექტემბერს, აფხაზმა დეპუტატმა გარი კოკაიამ, რომელიც ერთ-ერთ რესტორანში, ომის ვეტერანებთან ერთად, მათ შორის ალმასხან არძინბასთან ერთად, დღესასწაულს - "გამარჯვების დღეს" აღნიშნავდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ ის არ დაემორჩილა ადგილზე მისული "შს მინისტრის" დმიტრი დბარის მოთხოვნას, ჩაებარებინა იარაღი, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. უწყების თანამშრომლებმა, რომლებიც დბარს ახლდნენ, სასტიკად სცემეს გარი კოკაიას და მასთან მყოფ რამდენიმე პირს, 1992-1993 წლების ომის ვეტერანებს. ცემის ფაქტმა, მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. გარი კოკაიას მხარდამჭერებმა, ომის ვეტერანებმა "შს მინისტრის" გადადგომა მოითხოვეს. 



Print