ახალი ამბები
სოხუმის პროკურატურამ ფეისბუკში "ხელისუფლების წარმომადგენელთა" შეურაცხყოფისთვის საქმე აღძრა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ სოხუმის ახალ მიკრორაიონში 2 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ანჟელა ბრანძიას და ლოლიტა ხალვაშის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ ბრალი "ხელისუფლების წარმომადგენელთა შეურაცხყოფაში" ედებათ.

"პროკურატურის" თანახმად, ბრანძია, ხალვაში და სხვა დაუდგენელი პირები, 2021 წლის 24 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, სოციალურ ქსელ ფეისბუკის ჯგუფში - "აფხაზეთის სიმართლე", ყალბი აქაუნთების გამოყენებით "მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას უხამსი ფორმით", აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას, პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბის, შს მინისტრის და მისი მოადგილის, რამდენიმე დეპუტატის, სოხუმის ადმინისტრაციის, საბაჟო, მასობრივი კომუნიკაციებისა და ციფრული განვითარების კომიტეტების წარამომადგენლების დისკრედიტაციის მიზნით. პუბლიკაციებში გამოხატული იყო უკმაყოფილება ამ მოხელეების მიერ განხორციელებულ "სახელმწიფოებრივ" საქმიანობასთან დაკავშირებით.

"ქალაქ სოხუმის პროკურატურა აწარმოებს აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებებს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების დადგენის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

2 დეკემბრის ინციდენტის შემდეგ, რომელსაც სროლა მოჰყვა, სოხუმმა რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა. კერძოდ, კი "პრემიერ - მინსტრმა" ალექსანდრე ანქვაბმა თანამდებობიდან გაათავისუფლა "ტურიზმის" მინისტრის მოადგილე დათო ქაჯაია, "შს მინისტრის" მოადგილე რაშ წვიჟბა, რომელიც დმიტრი კუჩუბერიამ ჩაანაცვლა და "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზურაბ ქაჯაია. ინფორმაციას "აფსნიპრესი" ავრცელებს. 

უნდა აღინიშნოს, რომ რაშ წვიჟბას მიმართ მანამდე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სოხუმის სანაპიროაზე 30 სექტემბრის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

უფრო ადრე აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან "შს მინისტრი" დმიტრი დბარი გაათავისუფლა. მისი მოვალეობის დროებით შემსრულებლად , პირველი მოადგილე - რუსლან აჟიბა დაინიშნა.


Print