ახალი ამბები
სოხუმი: ყველა საერთაშორისო პროექტი საგარეო უწყებასთან უნდა შეთანხმდეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება მოითხოვს, რომ რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

დღეს, 2021 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, "რესპუბლიკის პრეზიდენტის" 2006 და 2019 წლების განკარგულებებით, "საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სფეროში" და სავალდებულოა, რომ მასთან შეთანხმდეს "აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეალიზაციისთვის დაგეგმილი პროგრამები".

განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოურმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წინასწარ უნდა შეუთანხმონ ახალგაზრდების შეხვედრებიც, დისკუსიები, მრგვალი მაგიდები და სემინარები, საინფორმაციო მასალების გავრცელება და ასევე, საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მომზადება. გარდა ამისა, უცხოურმა ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ მათი პროექტების და პროგრამების განხორციელების ანგარიშები და თანამშრომელთა პერსონალური შემადგენლობა და დოკუმენტები დაფინანსების წყაროებისა და სახსრების ხარჯვის მიზნების შესახებ.
სოხუმში არ დაუზუსტებიათ, თუ რა გახდა მსგავსი განცხადების გავრცელების მიზეზი.

ნოემბრის ბოლოს, ახლად დანიშნული "საგარეო საქმეთა მინისტრი" ინალ არძინბა სოხუმში გაეროს, "წითელი ჯვრის" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ არძინბას მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი ყველა პროექტი განხორციელდება "საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სავალდებულო შეთანხმებით", წერს "ეხო კავკაზა". 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა მინისტრად" ინალ არძინბა 18 ნოემბერს დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი. ინფორმაციას "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" პრესსამსახურის ინფორმაციით, დაურ კოვე, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2016 წლამდე იკავებდა, სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

31 წლის ინალ არძინბა "მინისტრის" პოსტის დაკავებამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახლმწიფო მრჩეველი იყო. 2018 წლამდე ის რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს ხელმძღვანელობდა. 2020 წელს მან დააარსა კონკურსი "აფხაზეთის სიამაყე" ახალგაზრდა მენეჯერებისთვის. 2021 წლიდან ის "პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ერთად ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერის პლატფორმის "აფხაზეთის მომავალი" საპატიო თავმჯდომარეა", წერს "აფსნიპრესი".




Print