ახალი ამბები
ჩხოროწყუში საკრებულოს სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. "ქართული ოცნების" დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო "საქართველოსთვის" წევრს შოთა წურწუმიას 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 1 ხმა ბათილად ჩათვალეს, რადგან ბიულეტენზე გადახაზული იყო ორივე კანდიდატურა. თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

სხდომას კოვიდიზოლაციის გამო არ ესწრება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 1 დეპუტატი. 

პირველი კენჭისყრის შედეგები ცხადყოფს, რომ ჯუმბერ იზორიას კანდიდატურას ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისცა ხმა. 

ახლა სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, მოგვიანებით კი ჯუმბერ იზორიას კანდიდატურას დეპუტატები ხელახლა უყრიან კენჭს. 

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. 

Print