ახალი ამბები
ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია
ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე დღესაც ვერ აირჩიეს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დატოვეს სხდომა, ის კვორუმის არ არსებობის გამო ვერ გაგრძელდა. 

"საქართველოსთვის" წევრი შოთა წურწუმია, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ამბობს, რომ დღეს კიდევ ერთხელ გახდა ნათელი "ქართული ოცნებისა" და ენმ-ის თანამშრომლობა.

"კიდევ ერთხელ ვაშიშვლებთ ორივე პარტიას, თვითონ განსაჯეთ ეს ადამიანები თანამშრომლობენ თუ არა ერთმანეთთან და გაიყიდნენ თუ არა. ჩვენი გუნდის წევრები თითოეული დეპუტატის მიმართ ვაფიქსირებთ პატივისცემას, მაგრამ რეალობა ერთია. ჩვენსავე გუნდს ხომ არ დავაღალატებდით? ხელს ვერავის ვერ დავადებთ, მაგრამ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებზე ეჭვი ერთი წამით არ შეგვაქვს, გამოდის, რომ დარჩენილი ოპოზიციური კანდიდატებიდან რომელიღაცამ მისცა ხმა", - თქვა შოთა წურწუმიამ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. "ქართული ოცნების" დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო "საქართველოსთვის" წევრს შოთა წურწუმიას 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 1 ხმა ბათილად ჩათვალეს, რადგან ბიულეტენზე გადახაზული იყო ორივე კანდიდატურა. თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება. სხდომას კოვიდიზოლაციის გამო არ ესწრება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 1 დეპუტატი. 

პირველი კენჭისყრის შედეგებმა ცხადყო, რომ ჯუმბერ იზორიას კანდიდატურას ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისცა ხმა. 


ამავე თემაზე: 


შოთა წურწუმია თუ ჯუმბერ იზორია - ჩხოროწყუს საკრებულო დღეს თავმჯდომარეს აირჩევს




Print