ახალი ამბები
ასლან ბჟანია - დაავალეთ ყველა მასწავლებელს, გაათავისუფლეთ ისინი ვინც ვაქცინაზე უარს ამბობს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი წინადადებით გამოდის, სამსახურიდან დაითხოვონ განათლების სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ 8 დეკემბერს გაგრაში გამართულ თათბირზე განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთში ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია და სიტუაციის გამომსაწორებლად, მისი დაჩქარებაა აუცილებელი, წერს "აიაირა" 

"ჩვენ ამ საქმისთვის ფულს ვხარჯავთ. გთხოვთ. ჩვენ პრიორიტეტი ვართ. რუსეთის ფედერაციის სუბიექტებსაც არ აძლევენ ვაქცინას, ჩვენ კი პროცესის ორგანიზებაც ვერ მოგვიხერხებია. დაავალეთ ყველა მასწავლებელს. ნუ გეშინიათ, იყოთ ცუდები. არ იქნებით ცუდები. ეს სწორი პოზიციაა - გაათავისუფლეთ ისინი, ვინც ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს", - თქვა ბჟანიამ.

ამავე შეხვედრაზე, აფხაზმა ლიდერმა განათლების სფეროს წარმომადგენლებს სკოლების მიხედვით, ვაქცინაციის გრაფიკის დაწესება და შემდეგ, მასწავლуბლების სოხუმში ასაცრელად გაგზავნა დაავალა. თან დასძინა, რომ პირადად გააკონტროლებს პროცესს.

სოხუმის მონაცემებით, ამ ეტაპზე რაიონებში რუსული "სპუტნიკ V- ით" 666 ადამიანი აიცრა, "სპუტნიკ ლაითით" – 709, "სპუტნიკ V- ს" ერთი კომპონენტით კი 182.
რუსული ვაქცინის "სპუტნიკ V - ის" მორიგი პარტია, 6 ათასი დოზა, სოხუმში 16 ნოემბერს ჩაიტანეს. "ჯანდაცვის სამინისტროს" თანახმად, ვაქცინების მიწოდებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია პირადად ხელმძღვანელობდა. მხარეებმა "სპუტნიკ V -ის" 30 ათასი დოზის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

უფრო ადრე, აპრილში, სოხუმმა "სპუტნიკ V-ის" პირველი პარტია, 6 000 დოზა მიიღო, ხოლო აგვისტოში "სპუტნიკ ლაითის" 5 000 დოზა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 35 826 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა 28 950 , გარდაიცვალა - 537 პირი.


Print