ახალი ამბები
ბერტა ფონ ზუტნერის 2021 წლის პრემია "ათინათის" დამფუძნებელს რუსუდან ყალიჩავას გადასცეს
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის რიგით მესამე მფლობელი ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარე რუსუდან ყალიჩავა გახდა. წლევანდელ ლაურეატებს შორის გამარჯვებული ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში მიმდინარე ცერემონიაზე ცოტა ხნის წინ გამოავლინეს. ადამიანის უფლებებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის ჯილდო მას შარშანდელმა გამარჯვებულმა, ასოციაცია "თანხმობის" ხელმძღვანელმა, იულია ხარაშვილმა გადასცა.

რუსუდან ყალიჩავამ მადლობა გადაუხადა პრემიის დამფუძნებლებსა და მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო მისთვის ფასდაუდებელია.

"ნამდვილად არ მაქვს სიტყვა მომზადებული. მას შემდეგ, რაც ეს 9 ქალბატონი ვნახე ნომინანტების სიაში, გადავწყვიტე, რომ ნამდვილად არაფერი არ მაქვს სათქმელი და მე დღეს აქ არ ვიდგებოდი. ეს არის საოცარი მომენტი, ალბათ ერთ-ერთი უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში. ამ ჯილდოს მიღება უდიდესი პატივია ჩემთვის და განსაკუთრებით პატივია მივიღო ჩემი მეგობრისგან, არაჩვეულებრივი ქალბატონისგან იულია ხარაშვილისგან, რომლის ღვაწლმა და სიკეთემ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეცვალა უკეთესობისკენ, მათ შორის, „ათინათის“ და მათ შორის ვარ მე“, - აღნიშნა რუსუდან ყალიჩავამ.

წლევანდელ პრემიაზე სულ 10 ნომინანტი იყო წარდგენილი. ორგანიზატორების თქმით, დაჯილდოება სიმბოლურად ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს.

ინფორმაციისთვის, ბერტა ფონ ზუტნერის პრემია 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის", ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა. მისი მიზანი მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასებაა. ასევე საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.


Print