ახალი ამბები
"საქართველოსთვის" საკრებულოებში ღია კენჭისყრასთან დაკავშირებული კანონის დაჩქარებას ითხოვს
პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში საკრებულოებთან დაკავშირებით მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ღია კენჭისყრით, მათ შორის, პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას. 

როგორც ანა ბუჩუკურმა პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მნიშვნელოვანია, რადგან ახლად არჩეულ საკრებულოებში სწორედ ახლა მიმდინარეობს თანამდებობის პირთა არჩევისა და დანიშვნის პროცესები.

"მოგეხსენებათ, ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს დაესრულებინათ ერთპარტიული მმართველობა მუნიციპალურ დონეზე და დღეს მთელ რიგ საკრებულოებში წარმოდგენილია რამდენიმე პარტია. სამწუხაროდ, "ოცნება" არჩევნების შემდეგაც აგრძელებს არჩევნებამდე დაწყებული უკანონო მეთოდების გამოყენებას და მოსყიდვით და მუქარით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ, ცდილობს უმრავლესობის შექმნას საკრებულოებში. ვიხილეთ ფარული მოლაპარაკებები, ადგილობრივი წარმომადგენლების მოსყიდვის, დაშინებისა და გატაცების ფაქტებიც კი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენმა გუნდმა, მოქალაქეთა ნების რეალიზების მიზნით და მათი ინტერესებისთვის, არაერთხელ შევთავაზეთ პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებები, თუმცა, როგორც ვხედავთ, "ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროს - ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უგულებელყოფა - ის უკანონო და ბინძური მეთოდებით ცდილობს საკრებულოებში უმრავლესობის შექმნას და ამას არათუ ერიდება, ამაყობს და გვიანონსებს უკანონობის გაგრძელებას!

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, სააშკარაოზე გამოვიდეს "ოცნების" უკანონობა, ხოლო მეორე მხრივ, გამოირიცხოს სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები და გაიზარდოს საკრებულოს წევრთა საქმიანობის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ხარისხი, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ღია კენჭისყრით, მათ შორის, პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.

შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოს კანონპროექტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე გატანა. მივმართავთ "ოცნებას", გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას, გაიხსენოთ, რომ ხელისუფლების, მათ შორის - ადგილობრივი ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი და შეწყვიტოს მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ვაჭრობა მაფიოზური წესებით. ასევე მივმართავთ პარლამენტის თითოეულ წევრს, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ, საკრებულოების წევრთა საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას!", - განაცხადა ბუჩუკურმა.

ინფორმაციისთვის ზუგდიდსა და სამეგრელოს კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროტესტის გამო საკრებულოებს თავმჯდომარეები ჯერაც არ ჰყავთ.



Print