ახალი ამბები
ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ "ლელოს" და ენმ-ის წევრებმა დატოვეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მეორედ ეყრება კენჭი თავმჯდომარეობის "ქართული ოცნების" კანდიდატს ჯუმბერ იზორიას. მანამდე, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ნაციონალური მოძრაობის" და "ლელოს" წევრებმა. სხდომაზე მხოლოდ "ქართული ოცნების" და პარტიას "საქართველოსთვის" 19 წევრი რჩება. იმ შემთხვევაში, თუ გახარიას პარტია "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარს დაუჭერს, ხმების ეს რაოდენობა თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისია.

"დილით ვამბობდით, რომ არ ვაპირებდით სხდომაზე მოსვლას, გამომდინარე იქიდან რომ რაღაც კითხვის ნიშნები არ ყოფილიყო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვნახეთ ქართული ოცნების "ვირეშმაკობა", ხელისუფლება ხელოვნურად აგდებს კვორუმს. მოვიდა გახარიას გუნდი და ხელისუფლება დარბაზში არ მოდიოდა, შეყუჟულები იყვნენ მერის სათადარიგო ოთახში. როგორც კი მოვედით ჩვენ და შევქმენით კვორუმი ეს ხალხი გამოცხადდა დარბაზში. ამის გამო მოვედით, კვორუმი რომ შემდგარიყო. ბატონი იზორიას კანდიდატურა უნდა ჩავარდეს წესით, გახარიას გუნდის წევრებმა კი უნდა შეწყვიტონ ხალხის ხმებით მანიპულირება. გახარიას გუნდმა უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება, დააფასოს იმ ჩხოროწყუელები ვინც მათ ხმა მისცა", - ამბობს ენმ-ის დეპუტატი რამაზ გულუა.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირაში  სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. "ქართული ოცნების" დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო "საქართველოსთვის" წევრს შოთა წურწუმიას 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს დეპუტატების ნაწილმა და ხელახალი კენჭისყრა კვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო.

27-კაციან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" 7-7 წევრით არის წარმოდგენილი, "ლელოს" ერთი დეპუტატი ჰყავს, 12 წევრი კი "ქართულ ოცნებას".
Print