რეგიონი
1 კვირის შემდეგ ენგურჰესი აფხაზეთს სამყოფ ელექტროენერგიას ვერ მიაწვდის
ჯვარის წყალსაცავში მხოლოდ ერთი კვირის მარაგია დარჩენილი და ენგურჰესი აფხაზეთს, გარკვეული პერიოდი, სამყოფ ელექტროენერგიას ვერ მიაწვდის. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ უთხრა. მისივე თქმით, აფხაზეთმა  რუსეთიდან ელექტროენერგიის შემოტანა დროულად უნდა უზრუნველყოს.

„1 კვირის შემდეგ, იმის მიხედვით, მდინარის შემოდინება რამდენი იქნება, ჩვენ შეგვეძლება აფხაზეთს მივაწოდოთ, დაახლოებით, 80- 100 მგვტ-ი, მაშინ როცა მათ სჭირდება 300 მგვტ-ზე მეტი. დანარჩენი უნდა შემოიტანონ რუსებმა, ეს მათი პრობლემაა, საქართველო არ  მიაწვდის“, - ამბობს ხუბუა.

მისი თქმით, აფხაზური მხარე ენერგოკრიზისის დაძლევას ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის მაინინგის შეზღუდვით ცდილობს, თუმცა, ეს მნიშვნელოვნად არ აისახება ელექტროენერგიის მოხმარებაზე.

„თითქოს მაინინგების შეზღუდვა შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვანია, თუმცა, საერთოდ, ბოლო 5 წელიწადში ელექტროენერგიის მოხმარება 1 მილიარდ კვტ.სთ-ით არის გაზრდილი, რაც კატასტროფაა, მაგრამ, როცა უფასოა ან ძალიან დაბალი ფასია ასე ხდება. აქ  პრობლემა მხოლოდ მაინინგი არაა, შემოაქვთ საამქროები, პლუს ამას უკონტროლო ხარჯვა, რადგან აღრიცხვა არ არის. რაც იყო ჩვენთან 90 - იან წლებში, დაახლოებით ისეა იქ ახლა“, - თვლის ხუბუა.

აფხაზური მედიის თანახმად,  15 დეკემბერს, დეპუტატებთან შეხვედრისას, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „რესპუბლიკამ“ უკვე მიმართა რუსეთს ელექტროენერგიის გადმოქაჩვის თხოვნით, შესაბამისი დოკუმენტი გაგზავნილია რუსეთის პრემიერ - მინისტრთან და ახლა აფხაზური მხარე, მხოლოდ მის შესაბამის განკარგულებას ელოდება.

მარაოსებრი გათიშვების გრაფიკი აფხაზურმა კომპანია "ჩერნომორენერგომ" 16 ნოემბრიდან დააწესა, რაც ელექტროენერგიის მიწოდების 1 საათით შეზღუდვას გულისხმობდა, ახალი გრაფიკით, რომელიც 23 ნოემბრიდან ამოქმედდება, სოხუმის სხვადასხვა უბანზე ელექტროენერგია დღე-ღამეში 4 - ჯერ, თითო საათით ითიშება.

ელექტროენერგიის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვას აფხაზი ენერგეტიკოსები ამინდის გაუარესებას და შესაბამისად, მისი მოხმარების გაზრდას, ასევე კრიპტოვალუტის მაინინგს უკავშირებენ.
Print