ახალი ამბები
საუკეთესო სოფლის ტურიზმი - "სისატურა" Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული ჯილდოს მფლობელია
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული ჯილდოების ერთ-ერთ ნომინაციაში - საუკეთესო „სოფლის ტურიზმი“ გამარჯვებული ეთნოსოფელი "სისატურა" გახდა. ამ კატეგორიაში ასევე ნომინირებული იყო „ედის დაჩა“ და საოჯახო სასტუმრო“ Melaanian Vintage“. გამარჯვებულები სულ 20 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი წახალისება. პანდემია ყველაზე მეტად ჩვენ დაგვატყდა თავს, თუმცა 2021 წელს დიდი იმედი გაგვიჩნდა. პირველ რიგში ჩემთვის ეს ჯილდო არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. დიდი მადლობა ყველა ჩვენ გულშემატკივარს, ჟიურის, Welcome to Georgia-ს და ორგანიზატორებს“, - თქვა ჯილდოს მიღებისას „სისატურას" დამფუძნებელმა მარიკა თოდუამ.

"სისატურა" ზუგდიდის სოფელ ჩხორიაშია მოწყობილი. აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ნახონ ძველი სამეგრელოსთვის დამახასიათებელი გარემო და დააგემოვნონ მეგრული კერძები.

ინფორმაციისთვის, Welcome to Georgia არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია ქართული ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის წახალისება, კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდა და საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.  





Print