ახალი ამბები
თბილისში დაგეგმილ აქციაზე დასასწრებლად ზუგდიდიდან 1 500-მდე მოქალაქე გაემგზავრა - ენმ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს თბილისში აქციას გამართავს. ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ცნობით, ზუგდიდიდან პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას 1500-მდე პირი შეუერთდება.

„საქართველოში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა, რომ ჩვენ პრეზიდენტებს ვდევნით, ვიჭერთ, უნდა დასრულდეს. ჯერ კიდევ 1921 წლიდან, ჟორდანიას ხელისუფლება, ისევ ქართველების ხელით განდევნეს. შემდგომ ზვიად გამსახურდია, რომელმაც აღადგინა დამოუკიდებლობა, მოვკალით საქართველოში, ისევ ქართველების ხელით. მიხეილ სააკაშვილს კი, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა, ჩამოაყალიბა ყველა ინსტიტუცია და საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანა ქვეყანა, ვიჭერთ და უსამართლო სასამართლო ასამართლებს. საოცარი რამ ხდება და ეს უნდა დასრულდეს. არამარტო სააკაშვილს, არამედ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა და ის უნდა წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე და არა მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს წინაშე“, - აღნიშნა ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ.

აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:00 საათზე დაიწყება.


Print