ახალი ამბები
აფხაზეთში "პრეზიდენტის" იმპიჩმენტის დაწყებას ითხოვენ
სოხუმში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას და საპარლამენტო არჩევნების ერთი წლით გადადებას ითხოვენ. გარდა ამისა, ოპოზიციიის მომხრეები აფხაზეთის "კონსტიტუციაში" ცვლილებების შეტანაზე საუბრობენ. შესაბამისი რეზოლუცია გუშინ ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საპროტესტო მიტინგის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ახრა ბჟანიამ გაახმოვანა. მანამდე, ხელისუფლების მოწინააღმდეგე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა სამთავრობო შენობებთან აქცია მოაწყო. ისინი ბჟანიას "საკონსტიტუციო მოვალეობების უხეშ დარღვევაში" ადანაშაულებენ.

თავის მხრივ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, სამართალდამცავებმა მოახერხეს სოხუმში მოვლენების უარესი განვითარების პრევენცია. 

"აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, სანამ მასში არ ჩაერია საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აიდგილარას" თავმჯდომარის კან კვარჩიას მიერ კონტროლირებადი დესტრუქციული ძალები. ამ მომენტიდან აქცია არეულობაში გადაიზარდა, რასაც სამთავრობო შენობების კომპლექსის დაკავების არაერთგზის მცდელობა მოჰყვა. უკანონო ქმედებების დროს დაშავდა ჟურნალისტი, მიყენებული იქნა სახელმწიფო ქონების დაზიანება, რომლის მასშტაბებს სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ, მათ შორის არეულობის ორგანიზატორების ქმედებების სამართლებრივ შეფასებას.

აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი და მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის აფხაზეთის სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მთელ სპექტრზე. ამავდროულად, უცვლელი რჩება მტკიცე რწმენა, რომ ნებისმიერი დისკუსია არ უნდა გასცდეს ეროვნული კანონმდებლობის ჩარჩოებს, არ უნდა დაემუქროს ქვეყანაში სტაბილურობას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს გენერალური პროკურორი, შს მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე აწერენ ხელს.

გუშინ, სოხუმში ოპოზიციის მომხრეებმა საპროტესტო მიტინგის მიმდინარეობისას, ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ჟურნალისტებზე ძალადობის ამსახველი ვიდეოებიც.
Print