ახალი ამბები
სვანეთს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
რამდენიმე საათიანი გათიშვის შემდეგ მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ამის შესახებ "ათინათს" მერის მოადგილემ, ნელი ნავერიანმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, დაზიანებული იყო როგორც ცენტრალური, ისე სარეზერვო ელექტროსადენები, რომელთა აღსადგენად ენერგო-პროს ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. 

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ენერგო-პრო ჯორჯიამაც. კომპანიაში განმარტავენ, რომ მესტიის რაიონში არსებული ელექტროენერგიის მოხმარების არაგონივრული, დიდი ტვირთის გარდა, ამჟამად, ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის ერთერთი მიზეზი, მოსული უხვი ნალექია, რომელმაც ხაზის დაზიანება გამოიწვია. მაღალი ძაბვის არსებულმა მეორე გადამცემმა კი ვერ გაუძლო გაზრდილ ტვირთს და ისიც დაზიანდა.

"მესტიაში ტურისტული ნაკადის პრაქტიკულად არარსებობის მიუხედავად, ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზია კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმები, რომლებიც უკანონოდ არიან მიერთებულები ელექტროქსელთან. შესაბამისად და სამწუხაროდ, მომავალშიც ვერ გამოვრიცხავთ ასეთი სახის შეფერხებებს მთელი რაიონის ელექტრომომარაგების კუთხით", - ამბობენ ენერგო პროში.

ამასთან, კომპანიის ცნობით, ტექნიკური ბრიგადები დღეს, დილის 6 საათიდან გასულები იყვნენ დაზიანებული გადამცემი ხაზის აღსადგენად, თუმცა, მათი გადაადგილება და ავარიის ადგილებამდე მიღწევა საკმაოდ გართულებული იყო, რადგან თოვლის საფარი ზოგიერთ მონაკვეთზე დიდია.
Print