ახალი ამბები
"ნაციონალების" და გახარიას პარტიის „პოლიტიკური ქორწილი“ შედგა - "ქართული ოცნების“ დეპუტატი
„ქართული ოცნების“ წევრი ჯანო პერტაია  ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევას აფასებს და ამბობს, რომ ამით „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ თანამშრომლობა დადასტურდა. მისივე თქმით, დღეს ჩხოროწყუში ამ ორი პარტიის „პოლიტიკური ქორწილი“ შედგა.

„ესენი არიან ალიანსში, ამით ყველაფერი ნათქვამია. დანარჩენი, ჩვენ ჩვენი კანდიდატურა იმიტომ არ დავაყენეთ, რომ კიდევ ერთხელ გვქონდა სურვილი, რაღაც დონეზე მაინც შემდგარიყო კომუნიკაცია, ისევ და ისევ ჩხოროწყუს ინტერესებიდან გამომდინარე, პარტია „გახარია- საქართველოსათვის“ გუნდის წევრებთან. ისინი ამაზე არ წამოვიდნენ, მათი მხრიდან უარყოფილი იყო ეს კომუნიკაცია. ეტყობა, რომ  მათ მანამდეც მყარად და ღრმად ჰქონდათ გადაწყვეტილი ეთანამშრომლათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩხოროწყუში ამ ორი პარტიის „პოლიტიკური ქორწილი“ შედგა“, - თქვა სხდომის დასრულების შემდეგ ჯანო პერტაიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარედ შოთა წურწუმია აირჩიეს. ის წარმომადგენლობით ორგანოში გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“ წარმოადგენს. მის კანდიდატურას 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


Print