ახალი ამბები
ჩხოროწყუს საკრებულომ ორი მოადგილე აირჩია
ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარის შემდეგ შოთა წურწუმიას ორი მოადგილეც აირჩია. პირველ მოადგილე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რამაზ თოლორდავა, ხოლო მეორე მოადგილე "ლელოს" წევრი კორნელი წურწუმია გახდა.

"ქართულმა ოცნების" გუნდმა ოპოზიცია ღია გარიგებაში დაადანაშაულა, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი ამბოპბენ, რომ გახარიას პარტია ალიანსში შევიდა ნაციონალურ მოძრაობასთან, რასაც მათივე თქმით, ადასტურებს თანამდებობები, რომელთა არჩევაც ოპოზიციის მხრიდან წინასწარი დაგეგმილი სცენარით მოხდა.

ორი მოადგილის შემდეგ საკრებულოს მესამე მოადგილე და კომისიის თავმჯდომარეები უნდა აერჩიათ, თუმცა შოთა წურწუმიამ სხდომა გადადო. მან თქვა, რომ ამით პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოში "ბალანსის დაცვას" ცდილობს.

"...ჩვენ გადავდებთ საკრებულოს სხდომას, კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ გვქონდეს კონსულტაცია როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან, ასევე "ოცნების" წარმომადგენლებთან. დარჩენილია 1 მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ისინიც იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და დაიკავონ ეს პოზიცია", - აღნიშნა წურწუმიამ.

ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარედ ოპოზიციონერი წევრი აირჩია. შოთა წურწუმია პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელია. კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. წურწუმიას კანდიდატურას 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 ხმა კი გაბათილდა.

მომავალი სხდომა 29 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.


Print