ახალი ამბები
ხობში წიწვოვანების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხობში წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების ნერგების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყების პრესცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, სოფელ პირველ მაისში მოქალაქე 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის ნერგის ტრანსპორტირებას ახდენდა, შესაბამისი დოკუმენტაცია კი ვერ წარმოადგინა. 

"წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც; ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბურ მონიტორინგს აგრძელებენ, ხოლო უკანონო მოპოვების აღკვეთის მიზნით, გრძელდება 24 საათიანი კონტროლი იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
Print