ახალი ამბები
სოხუმი: ბაღებსა და სკოლებში არდადეგები დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე დაიწყება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ასლან ქუთელიას განცხადებით, ზამთრის არდადეგები, ბაღებსა და სკოლებში, დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე დაიწყება. მისივე ინფორმაციით, უწყებამ გრაფიკში ცვლილებები რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის რეკომენდაციით შეიტანა.

შესაბამისად, ზამთრის არდადეგები 27 დეკემბერს დაიწყება, ხოლო სასწავლო პროცესი 17 იანვარს განახლდება, წერს "აფსნიპრესი".

სკორიკის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაცია არა კორონავირუსს, არამედ მწვავე რესპირატორული დაავადებების ფართოდ გავრცელებას უკავშირდება. ადგილობრივმა ოპერატიულმა შტაბმა ასევე გასცა რეკომენდაცია საბავშვო ბაღებში, გასართობ ცენტრებსა და კაფეებში მასობრივი ხასიათის საახალწლო ღონისძიებების ჩატარების აკრძალვის შესახებ.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 296 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 87-ს დაუდასტურდა კორონავირუსი.

აფხაზეთის კოვიდ კლინიკებში ამ ეტაპზე 176 პაციენტი მკურნალობს, მათგან 54-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში Covid-19 სულ 37402 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 29654, გარდაიცვალა - 551 პირი.





Print