ახალი ამბები
მესტიას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა, მოხსნილია გრაფიკი - მუნიციპალიტეტის მერია
მესტიის მერიის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მთელ მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება. მოხსნილია დროებითი გრაფიკი, რომელიც 24 დეკემბერს დაწესდა. ამავე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები, იმ უბნების და ლოკაციების გამოსავლენად, სადაც ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით მაღალია.

„ურთულეს კლიმატურ პირობებში, "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ, განხორციელებული რამდენიმე დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, „ლაჯანურის“ ელექტრო გადამცემი ხაზის ფუნქციონირება აღდგენილია. პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტში არსებული მაღალი მოხმარება, რის გამოც კვლავ არსებობს დაზიანების საფრთხე. განსაკუთრებით ეს ეხება დაბა მესტიას. როდესაც მესტიის „ფიდერი“ ვერ უძლებს გადამეტებულ ხარჯვას, ელექტროენერგიის მიწოდება ავტომატურად ეთიშება დაბა მესტიას. „ფიდერი 1“ -ის ხელახლა ჩართვის შემდეგ კი კონკრეტულად იმ უბნებს, სადაც ელექტროენერგიის ხარჯვითი წილი განსაკუთრებით მაღალია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გატარდება ქმედითი ღონისძიებები და შესაბამისი ორგანოები, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყებენ უკანონო „მაინერების“ ამოღებას“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერიაში ამბობენ, რომ ამოღებული „მაინერების“ და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება.

Print