ახალი ამბები
"ხეთის მანდარინს" გეოგრაფიული აღნიშვნების სტატუსი მიენიჭა
"ხეთის მანდარინი" გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, რეგისტრაციაზე განაცხადით "საქპატენს" ასოციაცია "ხეთის მანდარინმა" მიმართა. 

"ხობის მუნიციპალიტეტში წარმოებული მანდარინის განსაკუთრებულობა სახელმწიფოს მიერ დადასტურდა. სპეციფიკაციების მიხედვით "ხეთის მანდარინი" ოქროსფერ-ყვითელია, რომელიც სიმწიფესთან ერთად გადადის ნარინჯისფერში. აქვს განსაკუთრებული გემო: გამახალისებელი მომჟავო-მოტკბო, დაბალანსებული შაქრიანობა მჟავიანობის თანაფარდობით და მკაფიოდ გამოხატული არომატით. ​ხეთის მანდარინის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი განპირობებულია რიგი ფაქტორებით. ციტრუსოვანთა ბაღები გაშენებულია ურთის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 30-80 მეტრ სიმაღლეზე. 

საქართველოში ხეხილის მოვლის ტრადიცია თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის.  ნოუ-ჰაუსა და ტექნოლოგიების გამოყენებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ მანდარინის ნარგავების ფართობების გავრცელებაში, არამედ, მისი ხარისხის გაუმჯობესებაში. სწორედ მაღალი ხარისხი გამოარჩევს გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ პროდუქციას სხვებისგან. გეოგრაფიული აღნიშვნების ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა მათი რეპუტაციაა, რომელიც ღირებული არაქონებრივი სიკეთეა და მათი დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია. შეფუთვაზე დატანილი ნიშანი, რომ პროდუქტი დაცულია გეოგრაფიულ აღნიშვნად მას უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლისათვის, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვებს და სარგებელს მოუტანს მწარმოებლებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print