რეგიონი
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომას არ ესწრებიან
ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ქართული ოცნების“ წევრების განმარტებით, მათ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ენმ-სა და გახარიას პარტიას შოროს თანამშრომლობის გაფორმებაში. დღევანდელ სხდომაზე ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები უნდა აერჩიათ.

,,ჩვენ არ გვინდა მონაწილე გავხდეთ პროცესის, რაც მიმდინარეობს. საბოლოოდ, მიმდინარეობს გაფორმება ერთმანეთთან ურთიერთთანამშრომლობის ამ ორი პარტიის. ფაქტობრივად, ისინი კოალიციურ რეჟიმში არიან, აქ ჩვენ არ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ დღეს ამ პროცედურებიდან გამომდინარე სხდომას დავესწროთ’’, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ჯანო პერტაიამ.

ამასთან, გახარიას პარტიის წარომადგენელი ჯონი ჯალაღონია, რომელმაც საკუთარი პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა, ამბობს, რომ მუშაობას დამოუკიდებლად გააგრძელებს. მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებში ენმ-სთან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია, ენმ-ში კი მის ამ გადაწყვეტილებას ემოციურს უწოდებენ.

გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მათი გუნდის წევრმა.
Print