ახალი ამბები
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა - „ენერგო-პრო ჯორჯია“
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა, უფრო  მეტიც, მისი ხარჯი კიდევ უფრო გაიზარდა. კომპანიაში დენის მოხმარების ზრდას ახალი წლის დღეებს უკავშირებენ.

„ზემო სვანეთს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, თუმცა ეს არ ხდება შემცირებული ხარჯის გამო. ჩვენმა თანამშრომლებმა სიცოცხლის ფასად მოახერხეს დაზიანებული სადენების აღდგენა, სპეცტექნიკისა და ვერტმფრენების დახმარებით. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ სვანეთში მაღალი ძაბვის ხაზები დაზიანდებოდა, რთული მეტეოპირობების გამო, მისი აღდგენა ივნისამდე ვერ ხერხდებოდა. ამჟამად, მცირე დაზიანებები არის, თუმცა მისი აღმოფხვრა ოპერატიულად ხდება. თუ კიდევ დაზიანდება მაღალი ძაბვის ხაზები, ძნელია პროგნოზი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამას“, - ამბობენ კომპანიაში.

ინფორმაციისთვის, სვანეთში, მაინერების მოხმარების გამო, შექმნილ ენერგოკრიზისთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში 30 დეკემბერს შეიკრიბა. მათ ხატზე დაიფიცეს, რომ კრიპტოვალუტის წარმოებას შეწყვეტენ.

სადენების დაზიანების გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონს დენი გრაფიკით მიეწოდებოდა. თავის მხრივ, სადენების დაზიანება დენის ჭარბმა მოხმარებამ გამოიწვია, რასაც სპეციალსტები მაინინგების მუშაობას უკავშირებენ. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი. მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, რის გამოც აქ მაინერებს აქტიურად ამუშავებენ.
Print