ახალი ამბები
ოჩამჩირის ე.წ ადმინისტრაციის უფროსი გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რაიონის "ადმინისტრაციის" უფროსის ბესლან ბიგვავას თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, ბიგვავას მუშაობა გამოძიების დასრულებამდე აეკრძალა.

ბჟანიას განკარგულებით, ოჩამჩირის "ადმინისტრაციას" ბესლან ბიგვავას პირველი მოადგილე, არტემონ გაბელაია უხელმძღვანელებს.

სოხუმში 1-ელ იანვარს მომხდარი სროლის ფაქტზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების, ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი მონაცემებით, მას სასტუმრო "გარუდას" რესტორანში ესროლეს. ადგილობრივი ტელეგრამის არხების ცნობით, სროლის შედეგად იმავე რესტორანში, კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სროლა სწორედ ოჩამჩირის რაიონის "გამგეობის უფროსმა" ბესლან ბიგვავამ გახსნა.

Print