ახალი ამბები
ქუთაისში გარდაცვლილი ზუგდიდელი ორსულის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
19 წლის ზუგდიდელი სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი შვილის გარდაცვალებაში ქუთაისელ ექიმებს ადანაშაულებს. ბუბუტეიშვილები ამტკიცებენ, რომ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში საკეისრო კვეთის დროს მას, სავარაუდოდ, ანესთეზიური საშუალების ზედმეტი დოზის შედეგად, ჯერ გული შეუჩერდა, მოგვიანებით კი ტვინის შეშუპება განუვითარდა. შედეგად, თითქმის ორკვირიანი კომის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ოჯახი ამბობს, რომ სესილის არც ორსულობის დროს და არც მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. ისინი გამოძიებას და საქმეში მონაწილე მედიკოსებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, მათ პასუხისგებაში მიცემას. გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზაც.

სესილი ბუბუტეიშვილი 29 დეკემბერს გარდაიცვალა. ბრალდებების საპასუხოდ კლინიკაში განცხადებას მედიისთვის მოგვიანებით გააკეთებენ.
Print