ახალი ამბები
სოხუმში ისევ "მარაოსბერი" გრაფიკი ამოქმედდა
სოხუმში ელექტროენერგიაზე ისევ შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას აფხაზური ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს. ამავე ცნობით, დღის განმავლობაში, სხვადასხვა უბანზე დენი თითო საათით გაითიშება.

21 დეკემბრიდან აფხაზეთის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია რუსეთიდან მიეწოდება. "მარაოსბერი" გრაფიკი სწორედ ამ დროიდან იყო გაუქმებული, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ელექტროქსელებზე დიდი დატვირთვის დროს წესდებოდა. თუმცა, კომპანიის ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ხაზებს "შეშელეთი - 1" და "შეშელეთი - 2", რომლებიც ოჩამჩირის, გულრიფშის და გალის რაიონებს უზრუნველჰყოფს ელექტროენერგიით, ისევ ენგურჰესი კვებავს.

დეკემბრის შუა რიცხვებში, ენგურჰესის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ჯვარის წყალსაცავში მხოლოდ ერთი კვირის მარაგია დარჩენილი და ენგურჰესი აფხაზეთს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამყოფ ელექტროენერგიას ვერ მიაწვდის. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ უთხრა. მისივე თქმით, აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შემოტანა დროულად უნდა უზრუნველყოს.

მისივე განმარტებით, აფხაზური მხარე ენერგოკრიზისის დაძლევას ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის მაინინგის შეზღუდვით ცდილობს, თუმცა, ეს მნიშვნელოვნად არ აისახება ელექტროენერგიის მოხმარებაზე.












Print